13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს

მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორწლიანი იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში მიმდინარე წლის 10 თებერვალს მოხდა. 29 წლის ვალერი ირემაძემ საკუთარ ძმისშვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჯერ მამა სცემა და სახლიდან გააგდო, შემდეგ კარი ჩაკეტა და ძმისშვილი მოკლა. მომხდარის შემდეგ მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვალერ ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. ექსპერტიზამ მას შეურაცხადობა დაუდგინა დიაგნოზით – ეპილეფსიური ფსიქოზი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.

დაკავებულის მეგობრების განცხადებით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მომხდარის წინა დღეს კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს. მამაკაცი ფსიქიატრიულში ადგილების არარსებობის გამო არ მიიღეს და ნარკოლოგიურში გაგზავნეს, სადაც ოჯახმა უსახსრობის გამო ვერ მოათავსა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი გულგრილობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

მომხდარ ფაქტზე ექიმების შესაძლო გულგრილობაზე მოკვლევა გრძელდება.