ნატოს გენერალური მდივანი თბილისშია

სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს დაესწრება
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისში იმყოფება.

ალიანსის მეთაური საქართველოში იმყოფება ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო წვრთნების მიმდინარეობის დაკვირვების მიზნით, რომელიც 18-29 მარტს  „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ (JTEC) მიმდინარეობს.

აეროპორტში სტუმარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. ოფიციალური შეხვედრები 25 მარტს გაიმართება.

ნატო–საქართველოს წვრთნები 2019 თბილისში ოფიციალურად დაიწყო >>

ნატოს გენერალური მდივანი ქვეყანაში მესამე ვიზიტის ფარგლებში გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

სტოლტენბერგი ასევე „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს“ დაათვალიერებს. ის დაესწრება ნატო-საქართველოს წვრთნებს, რომლის ორგანიზატორიც თავად არის.

თაჯან ილდემი: მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში

სოლტენბერგთან ერთად საქართველოს ეწვია ასევე  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ბოლოს გასული წლის დეკემბერში იმყოფებოდა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

სამხედრო სამსახურში გამარტივებული მიღება და განახლებული ტექნიკა – იზორიას გეგმები >>

ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოს კარი „ღიაა საქართველოსთვის“, მაგრამ ორგანიზაციაში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების თარიღები არ სახელდება.

თებერვლის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გააფრთხილა საქართველო გარკვეული „უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ, რომელსაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის ნატოში შესვლის შემთხვევაში.

„უკრაინისა და საქართველოს ნატოს სამხედრო ორბიტაზე ჩართვის მისწრაფებების“ მოსალოდნელ შედეგებზე არაერთხელ გააფრთხილა თავისი კოლეგები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, მსგავსი „უპასუხისმგებლო პოლიტიკა“ რუსეთს საფრთხეს უქმნის. რუსეთის პრეზიდენტის თვალსაზრისით, ევროპაში გაფართოებაზე ორიენტირებული ნატოს კურსი „ცივი ომის“ გადმონაშთს წარმოადგენს.