მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა აშენდა

ფერმა დღეში 1,5 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია კი გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა აშენდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი „დორანი ფერმა“ სახელმწიფოს მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

უწყების ცნობით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1 მლნ 700 ათას ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან  1336500 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი - ბენეფიციარის ინიციატივა.

სააგენტოს ინფორმაციით, ფერმა დღეში 1,5 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია კი გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. „დორანი ფერმაში“ მუდმივად 11 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 8 ადამიანი.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე 190 ახალი საწარმო დაფინანსდა.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.  პროექტი  გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.