თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ახმეტაში 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში, სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს.
სამართალდამცველებმა გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას, ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.