საგამოძიებო სამსახურმა თბილისში აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ამოიღო

სამართალდამცველებმა კანონდარღვევით მოქმედი ხუთი სათამაშო აპარატი ამოიღეს.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-მა ირანის მოქალაქეები საქართველოში უკანონო საქმიანობის გამო დააკავა

როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულებს უკანონოდ შემოსავლის მიღების მიზნით ქალაქ თბილისში, ხალხმრავალ ადგილებში - ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე განთავსებული ჰქონდათ აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

სამართალდამცველებმა კანონდარღვევით მოქმედი ხუთი სათამაშო აპარატი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.