საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ყვითელჟილეტიანების თავშეყრის ადგილებს თავი აარიდონ.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საფრანგეთში მცხოვრები ან ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო საფრანგეთში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 23 მარტს პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, შესაბამისად, საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს თავი აარიდონ.

დავით ზალკალიანი არგენტინაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

„როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, - ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური კრიზისი საფრანგეთში არ ცხრება 2018 წლის ნოემბრიდან, როდესაც ქვეყანას „ყვითელილეტიანების“ მოძრაობამ მოიცვა. საფრანგეთის ხელისუფლების სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოდიან ქუჩებში, ხელისუფლების მიერ ვითარების დასამშვიდებლად მიღებული ზომების მიუხედავად.

რამდენიმე შედარებით მშვიდი შაბათის შემდეგ 16 მარტის საპროტესტო აქციას სერიოზული არეულობა მოყვა. მსვლელობის აგრესიულად განწყობილმა მონაწილეებმა პარიზში ელისეის მინდვრებზე მდებარე რამდენიმე მაღაზია და რესტორანი დაარბიეს. ტულუზაში ანალოგიურ აქციაზეც არეულობები მოხდა.