ბათუმი შეიძლება „ტურისტული ოსკარის" მფლობელი გახდეს

ქალაქი ევროპის საუკეთესო განვითარებადი კურორტის წოდების კანდიდატია.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბათუმი გახდა World Travel Awards-ის პრემიის ნომინანტი, რომელსაც „ტურისტულ ოსკარს" უწოდებენ, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

World Travel Awards ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა. ბათუმი წარდგენილია ნომინაციაში „ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულება". ქართული ქალაქის კონკურენტები არიან სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია) და კუტნა-ჰორა (ჩეხეთი).

ისრაელში აჭარისადმი ინტერესი იზრდება>>

ხმის მიცემა ფავორიტისთვის 28 აპრილამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მაგრამ მანამდე რეგისტრაციის გავლაა საჭირო.

გამარჯვებული 8 ივნისს პორტუგალიის ქალაქ მადეირაში დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. ღონისძიებას დაესწრებიან წამყვანი ტურისტული კომპანიები, ასევე კერძო სექტორისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ეს უმნიშვნელოვანესი ნომინაციაა. საკმაოდ მაღალი შანსები გვაქვს, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ. ძალიან ძლიერი კონკურენტები გვყავს და, ბუნებრივია, ყველა დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ ნომინაციით, რაც ასევე ძალზე პრესტიჟულია, არამედ საბოლოო გამარჯვებით", – განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

ბათუმის ბულვარსა და პარკში ელექტროტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალება

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარას ათასზე მეტი ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელი ეწვია, რაც რეგიონის პოპულარიზებას უწყობს ხელს.

„ჩვენ მიერ დაწყებული კამპანია #აირჩიებათუმი ზემოაღნიშნულ დაჯილდოებას უკავშირდება. გვინდა, რომ წარმატების მონაწილე ყველა იყოს", – აღნიშნა ღლონტმა.

ტურიზმი ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელშიც არიან ძლიერი რესურსების მქონე კონკურენტები. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამარჯვება ამგვარ ღონისძიებებში, აღნიშნა ღლონტმა.

World Travel Awards 1993 წლიდან ტარდება. გამარჯვებულს რამდენიმე ეტაპად ირჩევს პროფესიონალური ჟიური და აუდიტორია ბევრი კატეგორიით: სერვისის ხარისხი, სტუმრების კმაყოფილება, განვითარებული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება.