აჩუქე წიგნი! საქართველოში ახალი დღესასწაული მკვიდრდება

ასეთი ტრადიციის დამკვიდრება სურთ 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ცნობილი მწერალი, პოეტი და ტელეწამყვანი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოვიდა ინიციატივით, 23 აპრილს დაწესდეს ახალი დღესასწაული - წიგნის ჩუქების დღე.

ინიციატივის მიზანია წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაცია.

„თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია... ამიტომაც ვიფიქრე, რომ, ეგებ, ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს", - წერს კეკელიძე.

მისი თქმით, ინიციატივა ეკუთვნის თავად მას, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „ანაგრამას" - შემოქმედებით, საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც კორპორატიული კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა და რატომ არიან წიგნიერი ადამიანები დანარჩენებზე პასიურები?

„მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით. მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი, ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, მონიშნეთ, გამოიწვიეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ", - აღნიშნავს კეკელიძე.

მისი თქმით, მსგავსი ინიციატივა მწერალ ჯაბა ზარქუსს ეკუთვნოდა, რომელიც წიგნების საიდუმლოდ ჩუქების ინიციატივით გამოვიდა.

მსოფლიოში 2012 წლიდან უკვე აღნიშნავენ წიგნების ჩუქების საერთაშორისო დღეს (International Book Giving Day). ეს დღე 14 თებერვალს, ვალენტინობასთან ერთად აღინიშნება.

დღესასწაული მოწოდებულია, რომ გააერთიანოს ყველა, ვინც ჩუქნის წიგნებს ბავშვებს და მათ კითხვის სიყვარულს უნერგავს. ინიციტივა ეკუთვნის ერთ ჩვეულებრივ ადამიანს - ამერიკელ ემი ბროდმურს - საბავშვო წიგნის ვებ-გვერდის დამფუძნებელს აშშ-ში და სამი შვილის დედას.