პრემიერი: სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატების უკან ძლიერი სკოლა დგას, ამიტომაც, მთავრობა სასწავლო დაწესებულებებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა შემდგომი 5-6- წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სკოლების მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებზე დაახლოებით 7 მლრდ ლარს დახარჯავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-გვერდზე პირდაპირ ჩართვაში.

განათლების მინისტრი: პრიორიტეტი ქართული სკოლის მოდელის შექმნაა>>>

სწორედ აღნიშნული თანხაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ყველა სოფელში, რაიონში, ქალაქში იყოს თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა. პრემიერის სიტყვებით, ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატების უკან ძლიერი სკოლა დგას და ამიტომაც, მთავრობა სასწავლო დაწესებულებებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„ჩვენი მიზანია ის, რომ შემდგომი წლების განმავლობაში შვიდი მილიარდი გამოიყოს და აშენდეს ახალი სკოლები, მოხდეს არსებულების რეაბილიტაცია, რათა ჩვენ ეს პრობლემა გადავჭრათ. შესაბამისად, გვექნება კლასები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 13-15 მოსწავლით, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს ოდნავ მეტი. ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ითვლება საუკეთესოდ და შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში ამ პრობლემას საქართველოს მასშტაბით გადავჭრით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების სამინისტრო გადამზადების ახალ პროგრამებს იწყებს

საქართველოს მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თაობის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მაშინ ქვეყანაში 1,2 ათასი სკოლა გაიხსნა.

„ვფიქრობ, ამ თაობამ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ, საოცარი შედეგები ჰქონდათ. პირველი რესპუბლიკის პერიოდში ორი წლის განმავლობაში 1,2 სკოლა გაიხსნა, რაც უნიკალური შედეგია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი: განათლების სფერო განვითარების ახალ დონეს მიაღწევს>>>

საქართველოში 2,3 ათასზე მეტი სხელმწიფო და კერძო სკოლაა.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. 2019 წელს სარემონტო სამუშაოები 149 საჯარო სკოლაში ჩატარდება, ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი - 31 სკოლაში, ამასთან, დაიწყება რვა ახალი სკოლის მშენებლობა. მოხდება რვა სპეცსკოლის განახლება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) ფინანსური მხარდაჭერით რეგიონებში 27 ახალი სკოლა აშენდება.