თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ფოთში შპს „საქაერონავიგაციის" ახალი მეტეორადიოლოკატორი ამოქმედდა, ნათქვამია ფოთის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალი მეტეორადიოლოკატორი ამერიკულმა კომპანია Enterprise Electronics Corporation-მა დაამონტაჟა. ლოკატორი შესაძლებლობას იძლევა მუდმივად მოხდეს საჰაერო საინფორმაციო სისტემის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური პირობების გამოვლენა და აღნიშნული ინფორმაციის საჰაერო ხომალდებისთვის დროულად მიწოდება.
„საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წინასწარი მეტეოგაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს. ეკონომიკის სამინისტრომ შპს „საქაერონავიგაციასთან" ერთად ახალი მეტეორადიოლოკატორის დამონტაჟებით დაასრულა ერთიანი საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელმაც სრულყოფილი გახადა საავიაციო მეტეოინფორმაციის მოპოვება", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა.
ერთიანი საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ახალი მეტეოროლოგიური სარადარო სისტემის საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.