თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დღეისათვის არსებობს ქვეყნის ეკონომიკაში პროფესიების კუთხით, რაც, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას შექმნის.
პროფესიული სასწავლებლები განათლების სისტემის რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ამიტომ ის ქვეყნის ყველა რეგიონში გაიხსნება, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა შემცირდა >>
„ჩვენ უკვე ვიცით, რა მოთხოვნა გვაქვს თითოეულ პროფესიაზე ეროვნულ ეკონომიკაში და რა მოთხოვნა გვექნება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც დაამთავრებს მსგავს პროფესიულ სასწავლებელს, მეორე დღესვე უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით”, – განაცხადა ბახტაძემ Facebook-ლაივის დროს.
პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დაუყოვნებელი დასაქმების გარანტიას მიღებული განათლების ხარისხი და კერძო სექტორის ჩართულობა წარმოადგენს.
ბახტაძემ ასევე ყურადღება მიაქცია პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემულ დიპლომებს და აღნიშნა, რომ ამ კუთხითაც არსებული გარანტიები მკვეთრი და მკაფიო იქნება.
„ჩვენი ამოცანაა, საქართველოს პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომი თუ სერთიფიკატი აღიარებული იყოს ევროზონაში და თუ ჩვენი მოქალაქე საჭიროდ ჩათვლის, იმუშაოს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ის ამას უპრობლემოდ შეძლებს, ვინაიდან ექნება ევროზონაში აღიარებული დიპლომი“, - აღნიშნა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოში პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით არასწორი სტერეოტიპი შეიქმნა, რომელიც ერთობლივი ძალებით აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს.
„ხშირად ვამბობთ, როგორ არის დასავლეთ ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ასეთი წარმატებული და მდგრადი გარე შოკების მიმართ. ეს ფორმულა გულისხმობს პროფესიული განათლების ძალიან მნიშვნელოვან ზრდას მათ ეკონომიკაში. ჩვენ, რეფორმაზე მუშაობისას დავეყრდენით გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის პრაქტიკას. სწორედ ეს სამი სახელმწიფო ითვლება ამ კუთხით სამაგალითო ქვეყნებად და მათი ეკონომიკის წარმატებაც დიდწილად დაკავშირებულია სწორედ ძლიერ პროფესიულ სასწავლებლებთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ის მოიცავს ყველა მიმართულებას და პროფესიული სასწავლებლების განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოში პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება.
საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სურვილის შემთხვევაში კი ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად მაისიდან დაიწყება.
პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი >>
ამას გარდა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.
დაინერგება გადამზადების მოკლევადიანი კურსები იმ პირთათვის, ვინც სკოლა დიდი ხნის წინ დაამთავრა, მაგრამ სურს პროფესიული განათლების მიღება. ამისათვის შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.
ასევე დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.
რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროფესიული განათლების დარგში ყველა ცვლილება კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელდება.