საქართველოში პედაგოგების ხელფასი შეიძლება სამჯერ გაიზარდოს

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პედაგოგების ხელფასების გაზრდის მნიშვნელობასა და სკოლების განვითარებაზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ისწრაფვის იმისკენ, რომ პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული გახდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

განათლების სამინისტრო გადამზადების ახალ პროგრამებს იწყებს

ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგების ხელფასები გაიზრდება>>>

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ანაზღაურება საგანმანათლებლო-სამეწარმეო სფეროში 833,9 ლარი იყო, არასამეწარმეო სფეროში – 638,8 ლარი.

„ჩვენი რეფორმის მთავარი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული. რამდენიმე დღის წინ „საქსტატმა" გამოაქვეყნა მონაცემები საშუალო ხელფასის შესახებ და განათლების სექტორში ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, რაც პირადად ჩემთვის ტრაგედიაა, რადგან პედაგოგის პროფესია, ჩემი აზრით, სხვებზე მეტად უნდა იყოს დაფასებული", – განაცხადა ბახტაძემ.

მისი სიტყვებით, მთავრობის მიზანი მასწავლებლის საშუალო ხელფასის 1,5-1,8 ათას ლარამდე გაზრდაა.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სამჯერ გავზრდით ხელფასს", – აღნიშნა ბახტაძემ.

ამასთან ერთად მთავრობის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება სახელმწიფო სკოლების განვითარებისკენ.

საქართველოში სკოლამდელი განათლების განვითარება იგეგმება

„არ მინდა, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები. ყველა სკოლა მაღალ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს", – განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმა შეეხება განათლების ხუთივე დონეს: სკოლამდელ განათლებას, საშუალოს, პროფესიულს, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

რეფორმა ოთხი წელი გაგრძელდება და მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერი გახდეს. პირველი სიახლე სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმება გახდა.