როგორ აისახება ნაზარბაევის გადადგომა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებზე

ყაზახმა დიპლომატმა შეაფასა ნაზარბაევის გადადგომა, რომელიც ქვეყანას 1991 წლიდან მართავდა
Sputnik

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. საქართველოში ყაზახეთის ელჩმა ბაურჟან მუხამედჟანოვმა „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომა პრეზიდენტის პოსტიდან საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.

ნურსულთან ნაზარბაევმა ყახაზეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა >>

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ოცდაათწლიანი მმართველობა გუშინ დაასრულა. ხალხისადმი ბოლო მიმართვაში მან განაცხადა, რომ ყაზახეთი საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგული დარჩება.

„ეს დღესვე დაადასტურა ყაზახეთის ახალმა პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყაზახეთის საგარეო პოლიტიკა უცვლელი რჩება. რომ ის შეინარჩუნებს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის კურსს და ყაზახეთი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული დარჩება“, - განაცხადა მუხამედჟანოვმა.

ნაზარბაევის გადადგომა დიპლომატისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა იგი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსად მიიჩნევს, რომელმაც კარგად აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება მიიღო.

ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ასტანისთვის ნურსულთანის დარქმევას ითხოვს

„ერთია, რომ ჩემთვის ეს (გადადგომა, რედ.) სიურპრიზი არ ყოფილა, მეორე მხრივ კი, მოულოდნელი იყო. პირადად მე ნურსულთან აბიშის ძის აღზრდილი გახლავართ. შეიძლება ითქვას, ახალგაზრდობიდან ვმუშაობდი პრეზიდენტის გვერდით, ვეხმარებოდი მას. ჩემთვის ეს, რასაკვირველია, ძალიან, ძალიან მოულოდნელი იყო. პრეზიდენტი ნაზარბაევი ყაზახეთისთვის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნებაა. იგი სრულიად არაორდინარული პრეზიდენტია. მან თანამედროვე ყაზახეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთა“, - აღნიშნა ელჩმა.

ახალი ჰორიზონტები

საქართველოსა და ყაზახეთს შორის არანაირი პოლიტიკურად მოუგვარებელი საკითხები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ყაზახეთს გეზი აქვს აღებული ეკონომიკური, კულტურული და მეცნიერული ურთიერთობების განვითარებისკენ, დასძინა მუხამედჟანოვმა.

გიორგი გახარია ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მაგალითად, დიპლომატის სიტყვებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის საქონელბრუნვა 90 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ქვეყნები ამაზე არ უნდა შეჩერდნენ.

 „ის ბევრად, ბევრად მეტი უნდა იყოს. რასაკვირველია, საჭიროა იმ პოტენციალის გამოყენება, რომელიც ყაზახეთს გააჩნია: ეკონომიკური, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, ასევე თქვენი ქვეყნის შესანიშნავი სატრანზიტო პოტენციალი. არაერთ მსხვილ ობიექტს ყაზახური ბიზნესი მართავს. ყაზახური ბიზნესი აქ აქტიურადაა წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიის სახით: ესენია ბათუმის პორტი, ბათუმის ტერმინალი, Air Astana, ნავთობკომპანია „რომპეტროლი“ - იგი თქვენს ქვეყანაში ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეულში შედის“, - აღნიშნა ბაურჟან მუხამედჟანოვმა.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან მიმდინარეობს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. ყაზახეთი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო. ეს შუააზიური ქვეყანა კაპიტალს აბანდებდა ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში.