საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო–2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ნაკრების ვარჯიშის პირველ დღეს ლეგიონერების უმრავლესობა არ გამოცხადდა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებისთვის მზადება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარა, რადგან ლეგიონერების უმრავლესობა გუნდს სამშაბათს შეუერთდება. სულ 13-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა, თან აქედან ორი – გიორგი ქვილითაია და ვატო არველაძე დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ევრო-2020-ის შესარჩევი ტურის მეტოქეების ვინაობა ცნობილია

ნაკრების შემადგენლობაში ერთი იძულებითი შეცვლაც მოხდა. ლაშა დვალის ნაცვლად, რომელმაც ტრავმა მიიღო, გუნდში გიორგი ნავალოვსკი გამოიძახეს.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრები D ჯგუფში გამოვა შვეიცარიის, ირლანდიის, დანიისა და გიბრალტარის გუნდებთან ერთად. ევრო–2020-ის ფინალურ ნაწილში ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები გადავა.

პირველ თამაშში საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 მარტს შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს დუბლინში ირლანდიას შეხვდება.

დასახელდა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შვეიცარიასთან მატჩში>>

შვეიცარიის წინააღმდეგ მატჩი თბილისის „დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.