მიკროავტობუსებისთვის შეზღუდვები თბილისის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება

თბილისის ცენტრში სამარშრუტო მიკროავტობუსების გაჩერებაზე შეზღუდვები „საცობებისა“ და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკის შემცირების მიზნით წესდება.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისში იმ ქუჩების რაოდენობას, სადაც დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე შეუძლიათ, სავარაუდოდ, კიდევ 12 დაემატება, იუწყება ქართული მასმედია.

თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაჩერება შეიზღუდება>>>

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება, ქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვა და თბილისის ეკოლოგიაზე ზრუნვა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ერთ-ერთი პრიორიტეტული წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები არასწორ ადგილზე გაჩერებისთვის დაჯარიმდებიან

თბილისში გაჩერებების ფარგლებს გარეთ სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე აკრძალვა ადრეც შემოიღეს (მიკროავტობუსების ავტოპარკის შეცვლის შემდეგ 2011 წელს), მაგრამ მძღოლებისა და მოსახლეობის პროტესტის გამო შეზღუდვა რამდენიმე თვეში მოიხსნა.

შეზღუდვების დაწესების ინიციატორი თბილისის მერი კახა კალაძეა. აღნიშნული საკითხი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განსახილველად ხვალ გავა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები დაახლოებით კიდევ 12 მიმართულებით ამოქმედდება, მათ შორის, წერეთლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულისა და რობაქიძის გამზირებზე.

2018 წლის 1 მარტიდან აკრძალვები უკვე მოქმედებს 14 მიმართულებით: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

თუ „მარშრუტკით" გინდათ მგზავრობა, გაჩერებაზე დაელოდეთ>>>

ამ შეზღუდვის პარალელურად საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" უკვე დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც თბილისში მიკროავტობუსების მძღოლებისთვის არასათანადო ადგილზე გაჩერებისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს. დარღვევის შემთხვევაში მძღოლები 100 ლარით ჯარიმდებიან.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.