კანონპროექტი ჯარისა და მღვდელმსახურების შესახებ საქართველოში – სკანდალი მძაფრდება

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მღვდელმსახურები და სასულიერო აკადემიის მსმენელები სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობენ.
Sputnik

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივის ირგვლივ სკანდალი სულ უფრო მძაფრდება. პოლიტიკოსის ინიციატივით, უქმდება ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ყველა კონფესიის მღვდელმსახურების სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას ითვალისწინებს. თუმცა ცვლილებები არ შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს.

საქართველოში სამხედრო სამსახური იყოფა ოთხ კატეგორიად: სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. საქართველოს ჯარში გაწვევისა და სამსახურის წესებს არეგულირებს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ". კანონის 30-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტის თანახმად, წვევამდელს ჯარში გაწვევა შეიძლება გადაუვადდეს, თუ იგი არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სემინარიაში.

ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ირაკლი სესიაშვილი ყველა სასულიერო პირისთვის ამ ნორმის გაუქმებისა და ალტერნატიული შრომითი სამსახურის შემოღების წინადადებით გამოდის – მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურთა გარდა.

ალტერნატიული შრომითი სამსახური გულისხმობს წვევამდელების გაწვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ასევე არასამხედრო შრომით დანაყოფებში, სამოქალაქო ობიექტების მშენებლობებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამამზადებელ საწარმოებში, კომუნალური მომსახურებისა და ჯანდაცვის დაწესებულებებში.

რელიგია, როგორც „თავის არიდების" მეთოდი

ბოლო დროს ხელისუფლება წვევამდელების უკმარისობაზე ალაპარაკდა.

საქმე ისაა, რომ პარტია „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა", რომელმაც პოლიტიკური ბრძოლის არაორდინარული მეთოდებით გაითქვა სახელი, კანონში ხარვეზი აღმოაჩინა.

დეპუტატის ინიციატივა: მართლმადიდებელი მღვდლების გარდა ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ

2017 წელს მისმა ლიდერებმა ოფიციალურად დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რათა დახმარებოდნენ ახალგაზრდებს, კანონიერად ეთქვათ უარი ჯარში სამსახურზე. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ამ ორგანიზაციაში დარეგისტრირება მღვდელმსახურის სტატუსით.

ასეთი „მღვდელმსახურების" რიცხვმა საქართველოში უკვე 15 ათასს გადააჭარბა.

ახლა პარტიაში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ სესიაშვილის ინიციატივის დაკანონებას და გაასაჩივრებენ მას როგორც საკონსტიტუციო, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

დისკრიმინაცია თუ არა

სესიაშვილის ინიციატივის წინააღმდეგ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც გამოვიდნენ.

მაგალითად, გასულ კვირაში ინიციატივას უსამართლო უწოდა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ.

მდინარაძე: სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი, შესაძლოა, დასახვეწი იყოს

„საქართველოს მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ კი ორშაბათს კანონპროექტი შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული.

„კანონპროექტი, რომელიც დღეს შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირონ, სერიოზულ პრობლემას შეიცავს – დისკრიმინაციულს. არ შეიძლება მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას მიანიჭო უპირატესობა", – აღნიშნა ნაკაიძემ.

მისი სიტყვებით, რელიგიური კავშირის წარმომადგენლები ინიციატივას საქართველოს სახალხო დამცველთან და იურისტებთან განიხილავენ.

ცვლილებების აუცილებლობა

კანონპროექტის ხარვეზებზე მმართველ პარტიაშიც საუბრობენ და მისი შეცვლის აუცილებლობაზეც მიუთითებენ.

„ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, საერთო მიზნების გათვალისწინებით, სწორია. მაგრამ საჭიროა ნორმის დეტალების გაუმჯობესება, რათა არავინ ჩათვალოს ის დისკრიმინაციულად. ჩვენ შეიძლება დავეთანხმოთ მას პრინციპის დონეზე, მაგრამ საჭიროა მისი გაუმჯობესება და ჩვენ ამას გავაკეთებთ", – განაცხადა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

სკანდალური კანონპროექტის ავტორმა დისკრიმინაციის შესახებ ბრალდებებს უპასუხა

საქართველოს ჯარში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წლევანდელი საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვალს დაიწყო და 29 ივნისამდე გასტანს. სულ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე 4,5 ათას ახალგაზრდას. მათგან მხოლოდ 1,7 ათასი ადამიანი იმსახურებს თავდაცვის ძალებში. სამსახურის ვადა 12 თვეა.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; პარლამენტის დეპუტატები; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.