რატომ დაინტერესდა მსოფლიოს იაპონური ბაღების პრეზიდენტი მწვანე კონცხის ასწლოვანი ბაღით

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებული საუკუნოვანი იაპონური ბაღის რეაბილიტაციისთვის იაპონური „ტოშიბას“ ფონდმა 1 მილიონი იენი გამოყო.
Sputnik

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ფლორისტული მრავალფეროვნებით გამორჩეულია ამიერკავკასიაში. ბაღის კოლექცია შედგება მერქნიან მცენარეთა 2037 ტაქსონომიური ერთეულისგან, რომელთაგან 104 კავკასიური წარმოშობისაა, ხოლო 1540 ტაქსონი საზღვარგარეთის სხვადასხვა ფლორის წარმომადგენელია.

ბოტანიკური ბაღის დაარსება გასულ საუკუნეში ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრია კრასნოვის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც 1912 წლის 3 ნოემბერს სათავე დაუდო ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზაციის საქმეს. ბაღის განაშენიანებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ თანამემამულეს იასონ გორდეზიანს. 

ბათუმის ბაღი გამორჩეულია იმით, რომ აქ ხარობს სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამ ჯადოსნურ ბაღში ერთნაირად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურა.

პირველი, რითიც ბაღის დაარსება დაიწყო, გახლდათ სწორედ იაპონური ბაღი, რომელიც უკვე წლებია ბოტანიკური ბაღის მშვენებაა. საუკუნეზე მეტს ითვლის ეს საოცარი ბაღი, შესაბამისად, იერსახეც შეცვლილი აქვს. თუმცა, ამ წლების მანძილზე იაპონური ბაღი არ განახლებულა, ამიტომ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ ამ უნიკალური ბაღის განახლების გადაწყვეტილება მიიღო და დახმარება შესაბამის სპეციალისტებს სთხოვა იაპონიაში. „ტოშიბას“ ფონდმა ბაღის რეაბილიტაცია დააფინანსა და ამისთვის 1 მლნ იენი გამოყო. ამ სასიხარულო ამბის შესახებ საერთაშორისო პროგრამების და ურთიერთობების კოორდინატორი ზურაბ მანველიძე გვესაუბრა.

რატომ დაინტერესდა მსოფლიოს იაპონური ბაღების პრეზიდენტი მწვანე კონცხის ასწლოვანი ბაღით

– მე გახლავართ საერთაშორისო პროგრამებისა და ურთიერთობების კოორდინატორი. ბოტანიკური ბაღის 100 წლისთავზე მიმიწვიეს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ. მანამდე ბოტანიკურ ბაღში ვიყავი ერთ-ერთი განყოფილების გამგე. ამის შემდეგ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა მიმიწვია პროექტის მენეჯერად. ზოგადად ბაღში 1985 წლიდან ვმუშაობ.

რაც შეეხება იაპონურ ბაღს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს იგი 1912 წლიდან ამშვენებს, სწორედ მისით დაიწყო ანდრეი კრასნოვმა ბაღის მშენებლობა.

არქივში მივაგენით ფოტოსურათს, რომელიც 1912 წლით არის დათარიღებული. ფოტოზე ჩანს იაპონური ბაღი, სადაც აჭარელი კაცი დგას ყაბალახით და თოფით, იქვეა კაცი პანამით და შორტებით, რომელიც აკეთებს ჩანაწერებს. ფოტოზე მოჩანს გაბმული ძაფები და როგორ ირგვება მცენარეები. ჩავეძიე ბაღის დაარსების ისტორიას და აღმოჩნდა, რომ ანდრია კრასნოვმა მხოლოდ ორი წელი მოასწრო ბაღში ხელმძღვანელობა. დაიწყო პროექტი, მაგრამ ვერ მოასწრო ბაღის დასრულება. 1912 წელს იაპონური ბაღის დაპროექტებისთვის პროფესორ კრასნოვს მოწვეული ჰყავდა ცნობილი იაპონელი მებაღე კანაიამა-სანი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთან და იქვე მცხოვრებ ბატონ მამუდ ჯინჭარაძესთან - იმდროინდელი ბაღის მებაღესთან ათევდა ღამეს და მასთან ერთად მუშაობდა.

– როგორც ვიცი, ერთი წლის წინ ბაღის განახლებაში დახმარების თხოვნით შესაბამის სპეციალისტებს მიმართეთ იაპონიაში...

– ცნობილია, რომ იაპონური ბაღების მშენებლობა ეფუძნება ფილოსოფიურ პრინციპებს და ყველა ქვას, ხეს, წყალს, ბალახს, ასევე მათ გადაადგილებას, ზომას და კუთხეს დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, იაპონურ ბაღების სპეციალისტის გარეშე ჩვენ ვერ განვსაზღვრავდით ვერც ამ ბაღების რეაბილიტაციისთვის საჭირო სამშენებლო ღონისძიებებს და ვერც ამ მშენებლობისთვის საჭირო ხარჯებს. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე საგრანტო მხარდაჭერისთვის მივმართეთ იაპონიის საელჩოს კულტურული მხარდაჭერის პროგრამებს და ამავდროულად დავიწყეთ კარგი სპეციალისტის ძებნა, რომელიც დაგვეხმარებოდა ამ პროგრამის შემუშავებაში, რეაბილიტაციაში. მოვიძიეთ ასეთი ადამიანი. ეს გახლავთ ტაკუჰირო იამადა, რომელსაც საკმაოდ ბევრი ტიტული აქვს მოპოვებული. იგი არის არა მხოლოდ მსოფლიო იაპონური ბაღების ბორდის პრეზიდენტი, არამედ ასევე გახლავთ იაპონიის საიმპერატორო ბაღების ბორდის პრეზიდენტი, არის დოქტორი, პროფესორი უნივერსიტეტში. ასევე ტაკუჰირო იამადა არის მებაღეთა 300-წლიანი დინასტიის წარმომადგენელი, რომელიც საგვარეულო იაპონური ბაღების შექმნით არის ცნობილი.

რატომ დაინტერესდა მსოფლიოს იაპონური ბაღების პრეზიდენტი მწვანე კონცხის ასწლოვანი ბაღით

მე მას გავუგზავნე ძველი ფოტოები, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ბაღი 20-30-იან და მომდევნო წლებში, და მივმართე თხოვნით, რომ დაინტერესებულიყო და დაგვხმარებოდა ამ ბაღის პროექტის მომზადებაში. მან მომწერა, ძალიან საინტერესო ბაღი ჩანსო, მითხრა, რომ არ ეგონა, თუ კავკასიაში ასეთი ბაღი სადმე იქნებოდა. დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა და პირადად ნახავდა ბაღს.

მართლაც, ტაკუჰირო იამადა კამელიების ფესტივალზე მოვიწვით იაპონიის ელჩთან ერთად. იამადას მე თვითონ დავხვდი აეროპორტში. როცა ბაღი ნახა, გაოცდა და თქვა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კავკასიაში ასეთი უძველესი იაპონური ბაღი იარსებებდაო.

იმ ფრაგმენტებიდან, რაც შემორჩენილია, მივიდა ერთ-ერთ ფარანთან, ხელი დაადო, აიხედა ზემოთ და თქვა, ზუსტად ასეთი უნდა იდგეს აი იქო და თითი გაიშვირა საპირისპირო მიმართულებით ხეებისკენ. ჩვენ გაოცებული დავრჩით, არ გვეგულებოდა იმ ადგილზე არაფერი. მივედით და მართლაც მიწაში ჩაფლული ვნახეთ ერთი ფარანი.

რატომ დაინტერესდა მსოფლიოს იაპონური ბაღების პრეზიდენტი მწვანე კონცხის ასწლოვანი ბაღით

უნიჭიერესი ადამიანია და მას იაპონიის მთავრობისგან დავალებული აქვს, რომ იზრუნოს იაპონურ ბაღებზე მსოფლიო მასშტაბით. მან აღგვითქვა დახმარება და ჩვენი წინადადება შეიტანა „ტოშიბას“ ფონდში. ეს არის უშუალოდ იაპონიის ფონდი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებს, რელიკვიებს უფრთხილდება და აფინანსებს. პირველივე მცდელობაზე მოვიპოვეთ დაფინანსება – ერთი მილიონი იენი (დაახლ. 9 ათასი აშშ დოლარი - რედ.). ეს არ არის ძალიან დიდი თანხა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს პირველი ეტაპია დაფინანსებისთვის და საკმარისია, რომ სპეციალისტი ჩამოვიდეს და დაიწყოს პროექტის შემუშავება. ტაკუჰირო იამადა შეგვპირდა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

– სავარაუდო დრო თუ არის ცნობილი, როდის დაიწყება სამუშაოები?

– ბოლო წერილი დაახლოებით ათი დღის წინ მომივიდა, სადაც წერია, რომ მიღებულია დაფინანსება და უახლოს მომავალში გვაცნობებენ პროექტის დეტალებს.

– რეაბილიტაციის შემდეგ რა სიახლეები დახვდებათ იაპონურ ბაღში მისულ ვიზიტორებს?

– როგორც გითხარით, ეს იყო დაუსრულებელი ბაღი, ანდრია კრასნოვმა ვერ მოასწრო მისი დასრულება. პირველ რიგში მოხდება ბაღის აღდგენა და დასრულება. განახლებულ ბაღში დაგხვდებათ ნამდვილი იაპონური, ფილოსოფიური ბაღი და არა ის, რაც ბევრგან გინახავთ. გვსურს ასევე დავასრულოთ ჩაის ცერემონიალის სახლი. განახლებული ბაღი ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვნად გაზრდის დასვენებისა და ესთეტიკური სიამოვნების მიღების შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, შემოსავლების ზრდის და ეკონომიკური წარმატების მყარ წინაპირობებს ქმნის როგორც ბაღისთვის, ისე ქალაქისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის.