ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება – დაკავებულია ერთი პირი

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს>>>

პოლიციამ „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი სოფელ ორლოვკის ცენტრალურ გზაზე გაჩერებული „ოპელის" მარკის ავტომობილიდან ამოიღო.

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებასთან ერთად აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. პოლიციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო ორი თვის განმავლობაში ამოღებულია 884 ცივი და 104 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.