მარტვილისა და ოკაცეს კანიონებში ექსტრემალური ატრაქციონები მოეწყობა

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია ბუნების 13 ძეგლს აერთიანებს, მათ შორის 3 კანიონს, 5 ჩანჩქერსა და 5 მღვიმეს.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით ზიპლაინის (Zip-Line) ატრაქციონების მოწყობაზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასახელდა ოკაცეს კანიონის გახსნის თარიღი >>

ბოლო წლებში ექსტრემალური ატრაქციონი Zip-Line საქართველოში მეტად პოპულარული გახდა. ესაა გაჭიმულ ფოლადის ბაგირზე თავისუფლად მოძრავი როლერი, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე დაშვება. საქართველოში ყველაზე დიდი 800-მეტრიანი ზიპლაინი საირმეში მდებარეობს.

ტენდერის პირობებით, გამარჯვებული კომპანია შეთანხმების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მოაწყობს ატრაქციონს და უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმებს, ასევე მდინარეზე საფეხმავლო ხიდს ააგებს.

2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

ინვესტიციის მოცულობა როგორც მარტვილის კანიონის, ისე ოკაცეს ჩანჩქერის შემთხვევაში შეადგენს თითოეულზე არანაკლებ 200 000 ლარს. სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ეს ტურისტული ღირსშესანიშნაობები სარგებლობაში 20 წლით გადაეცემა. ყოველწლიურად კომპანიას ბრუნვის გადასახადის გარდა ქონების საბაზრო ღირებულების 5%-ის გადახდა მოუწევს.

ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე - 50 კმ. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია. 2011 წელს კანიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.

განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის - 70 მეტრი, ხოლო მესამის - 35.

რაც შეეხება მარტვილის კანიონს, იგი მართლაც ზღაპრული ადგილია, რომელიც რელიქტური ტყეებით არის გარშემორტყმული. ასწლეულების განმავლობაში წყალი გზას იკვლევდა 40 მეტრის სიღრმის ხეობის კლდეებში. მდინარეზე შეიძლება ნავით გასეირნება და კინჩხის ჩანჩქერის ხილვა.

მარტვილის კანიონი ქალაქიდან ხუთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, სოფელ გაჭედილის სამხრეთით. კანიონში მიედინება მდინარე აბაშა. თავად კანიონი ზედა და ქვედა ნაწილებისგან შედგება, რომლებიც მეჩეჩით იყოფა. ზედა ნაწილში ნავებით სეირნობაა შესაძლებელი, ქვემოთ კი ცურვის მსურველები იყრიან ხოლმე თავს.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია აერთიანებს ბუნების 13 ძეგლს, მათ შორის 3 კანიონს, 5 ჩანჩქერსა და 5 მღვიმეს. მათგან 10 ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტს, 2 ხონის მუნიციპალიტეტს, 1 კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.