უკვე სამი ქართველი: რუსული შოუს მონაწილე ელიზავეტა ხუფენია გახდა

ელიზავეტა ხუფენია, რომელიც ვალერი მელაძის გუნდში მოხვდა, შოუს მეექვსე სეზონში მონაწილე მესამე ქართველია.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. 13 წლის წარმოშობით ქართველმა ელიზავეტ ხუფენიამ, რომელიც კალუგის ოლქში ცხოვრობს, პროექტ Голос.Дети 6-ში საკუთარი ლამაზი ხმით ვალერი მელაძე მოხიბლა და ის მისი გუნდის წევრიც გახდა.

ლიზა რუსულ ვოკალურ შოუში წარმოშობით მესამე ქართველია. ხუფენიასთან ერთად შოუში მონაწილეობენ ნინო ჩესნერი და ანა ავაზნელი. აღსანიშნავია, რომ ქართველი მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან – ხუფენია მელაძის გუნდშია, ჩესნერი – სვეტლანა ლობოდას, ანა ავაზნელი კი პელაგიას ჯგუფში.

ელიზავეტა ხუფენიამ ბრმა კასტინგზე ნინო ქათამაძის Once in the Street შეასრულა, რომელიც შესულია ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის 2006 წლის ალბომში White.

ხუფენიას გამოსვლის შემდეგ ვალერი მელაძემ მოკლედ და კონკრეტულად თქვა: „კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩემ გუნდში!"

„ძალზე კეთილი, ყურადღებიანი, მაგრამ ზარმაცი ვარ. ყველა თმაზე მეკითხება – დიახ, ჩემი თმის ფერი ბუნებრივია, არასდროს შემიღებავს. თავისუფალ დროს მუსიკას ვრთავ და ცეკვას ვიწყებ. ქართულ ცეკვაზეც დავდივარ, მაგრამ სიმღერა უფრო მომწონს", – განაცხადა ხუფენიამ.

პატარა ქართველმა გოგონამ უკრაინის „გოლოსის“ ჟიური აღაფრთოვანა>>>

ხუფენია ვოკალში პროფესიონალურ დონეზე სამი წელია მეცადინეობს. მისი მუსიკისადმი სიყვარული გოგონას უფროსი დის დამსახურებაა, რომელსაც ასევე უყვარს სიმღერა. მოგვიანებით, საკუთარი გამოსვლის შემდეგ ლიზამ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შოუ Голос. Дети მის ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი დღე გახდა.