გაერთიანებული ოპოზიცია თავის გეგმებზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მთავარი მიზანი „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებაა, განაცხადეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს" მეორე ყრილობაზე შეიკრიბნენ. ყრილობა კვირას სასტუმრო Biltmore-ში გაიმართა.

„გაერთიანებული ოპოზიცია სტრუქტურულად ერთიანდება, რათა საბოლოოდ აღკვეთოს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა", – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „ახალი საქართველოს" ყრილობაზე.

საქართველოში ახალი ოპოზიციური პარტია შეიქმნა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მზად არიან ითანამშრომლონ დასავლური ორიენტაციის ყველა პარტიასთან და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება.

„დღეს დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ყველა ერთად ვემზადებით საბოლოო გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა", – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

ყრილობაზე შეიცვალა „ახალი საქართველოს" დასახელება – პოლიტიკური სამოქალაქო გაერთიანების ნაცვლად გახდა პლატფორმა. ყრილობაზე აგრეთვე აირჩიეს პოლიტიკური პარტიის ახალი სათათბირო.

პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მის პარტიას ჰყავს ძლიერი პოლიტიკური პარტნიორები და ეს ძალა ქვეყნის სასიკეთოდ იბრძოლებს.

„ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი, წარმატებული, ბედნიერი სახელმწიფო და, რაც მთავარია, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა. საქართველო არ იქნება ასეთი ჩამორჩენილი, როგორიც დღესაა. ჩვენ გადავლახავთ გაჭირვებას, როცა ერთად ვიქნებით", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.