მდინარაძე: სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი, შესაძლოა, დასახვეწი იყოს

სესიაშვილის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში პარტია „გირჩის" ლიდერები ახალი საკანონმდებლო ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ზოგადი პრინციპები სწორია, თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი დეტალი დასახვეწი იყოს, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე

დეპუტატის ინიციატივა: მართლმადიდებელი მღვდლების გარდა ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ>>>

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა ყველა კონფესიისთვის გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობენ. ინიციატივის თანახმად, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შეუძლიათ ალტერნატიული შრომითი სამსახურით ისარგებლონ.

„ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, ზოგადად მიზნიდან გამომდინარე, არის სწორი. თუმცა, შეიძლება, ნორმების დეტალები იყოს დასახვეწი იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ არ აღიქვას დისკრიმინაციულად. კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ მიზანი არის სწორი, პრინციპების დონეზე შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ გარკვეული დახვეწის საჭიროება იქნება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიციატორის განცხადებით, ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებს საკანონმდებლო ნორმას, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობენ. სესიაშვილის თქმით, ამის გამო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა.

„პლანი მუშაობს": „გირჩმა" 3000-მდე წვევამდელი „დააბოლა"

აღნიშნული ნორმა საკუთარი ინტერესებისთვის უკვე გამოიყენა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი". პარტიამ 2017 წელს დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. „გირჩის" მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციაში უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

სესიაშვილის აღნიშნულმა ინიციატივამ უკმაყოფილება გამოიწვია სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებში. მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, აღნიშნული კანონოპროექტი ძალიან სერიოზული პრობლემის შემცველი და განსაკუთრებით დისკრიმინაციულია.

„არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში ისეთ ქვეყნებში, როგორიც ვართ ჩვენ, დემოკრატიულ ქვეყნებში, სეკულარულ ქვეყნებში და მე ვფიქრობ, სეკულარიზმის, დემოკრატიის მთავარი პრობლემაც არის ერთგვარი. თუ ეს გავა და კანონად იქცევა, ჩვენ შევეცდებით მივმართოთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ეს კანონი არ შევიდეს ძალაში“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

„გირჩელი“ მამაოები – ახალი მღვდელმსახურები თუ მოტყუებული წვევამდელები>>>

სესიაშვილის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში პარტია „გირჩის" ლიდერები, თავის მხრივ, ახალი საკანონმდებლო ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ, ასევე არ გამორიცხავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ.

საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა, არსებობს ალტერნატიული შრომითი სამსახური. წვევამდელებს აგზავნიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სამოქალაქო ობიექტების მშენებლობებზე, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების დაცვის სამსახურში და ა.შ.