ოზურგეთში საჯარო სკოლის გაქურდვის ფაქტზე სამი ახალგაზრდა დააკავეს

პოლიციამ ორი ნოუთბუქი, პერსონალური კომპიუტერი, ქსეროქსის აპარატი, მუსიკალური ცენტრი ნივთმტკიცებად ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამმა ახალგაზრდამ საჯარო სკოლა გაქურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გახშირებული ქურდობის ფაქტები: ნათია მეზვრიშვილმა მიზეზები დაასახელა

შემთხვევა სოფელ გურიანთაში მოხდა. ბრალდებულები 17, 18 და 19 წლის არიან.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დამნაშავეები 15 მარტს, ღამის საათებში ფარულად შევიდნენ სკოლაში და მოიპარეს ორი ნოუთბუქი, პერსონალური კომპიუტერი, ქსეროქსის აპარატი, მუსიკალური ცენტრი.

პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. მოზარდები დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.