კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია განიხილა
Sputnik

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ცნობილ კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭეს, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამიერიდან ბახმაროს მცხოვრებნი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებენ.

დაბა ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

კურორტ ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭა

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ასევე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2019 წელს განსაზღვრული თანხების განაწილების პროექტი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 

„დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაჩენას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა - ვიდეოკადრები >>

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019–2023 წლების სტრატეგია ემსახურება ადგილობრივ მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაზე, რათა გაზარდოს იქ ცხოვრების დონე და არ დაუშვას მათი დაცარიელება.

300 ათასზე მეტი მცხოვრები 1,73 ათასი დასახლებულ პუნქტში სარგებლობს განსაკუთრებული შეღავათებით, მათ შორისაა გაზრდილი პენსიები, სოციალური შეღავათები, დაბალი ტარიფები და სხვ.

რა ცვლილება უნდა შევიდეს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში

რეგიონების დასახმარებლად შექმნილია მთის განვითარების ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომელიც აფინანსებს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს. მიმდინარე წელს ამ მიზნით 66 მლნ ლარი გამოიყო.

ბახმარო გურიის მხარეში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში მდებარეობს და ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო კლიმატით.

2019 წლის დასაწყისში ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭა. ადრე პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს, ბახმარო საერთაშორისო დონის კურორტად და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად გარდაქმნას. ამავე დროს, აქციოს ის მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ.