სკანდალური კანონპროექტის ავტორმა დისკრიმინაციის შესახებ ბრალდებებს უპასუხა

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მღვდელმსახურები და სასულიერო აკადემიის მსმენელები სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობენ. დეპუტატი აღნიშნულ კანონში შესწორებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა უარყო დისკრიმინაციის შესახებ ბრალდებები, რომლებიც მოჰყვა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მღვდელმსახურებისა და სასულიერო აკადემიის მსმენელებისთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების გაუქმების თაობაზე.

საქართველოში სამხედრო სამსახური იყოფა ოთხ კატეგორიად: სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. საქართველოს ჯარში გაწვევისა და სამსახურის წესებს არეგულირებს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“. კანონის 30-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, წვევამდელს ჯარში გაწვევა შეიძლება გადაუვადდეს, თუ იგი არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სემინარიაში.

მდინარაძე: სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი, შესაძლოა, დასახვეწი იყოს

სესიაშვილი ამ ნორმის გაუქმების წინადადებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ცვლილება არ შეეხება მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს. ამან რელიგიურ უმცირესობათა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდეს.

„კეთდება განცხადებები, თავს მესხმიან, რომ თითქოს დისკრიმინაციული კანონი შემომაქვს. არა და კიდევ ერთხელ არა! ჩემი ინიციატივით ვუუქმებ შეღავათს ყველა მღვდელმსახურს. ხაზს ვუსვამ - ყველა მღვდელმსახურს! საქმე ისაა, რომ ე.წ. „რელიგიური ორგანიზაციები“ მიზანმიმართულად სარგებლობენ ამ მუხლით და გაწვევას მთლიანად აგდებენ“, - განაცხადა სესიაშვილმა პირველი არხის ეთერით.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისათვის გადავადების საკითხს არეგულირებს კონკორდატი - შეთანხმება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მთავრობას შორის.

„რაც შეეხება მართლმადიდებლებთან მიდგომას, ეს საკითხი რეგულირებულია კონკორდატით. აქ არც მე შემიტანია ცვლილება, არც ჩანაწერის ინიციატორი ვყოფილვარ. და თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მათ ამის შესახებ უნდა ესაუბრათ თავის დროზე, როდესაც კონკორდატი იხილებოდა. მუხლის გაუქმება - ჩემი ინიციატივაა და ის ეხება ყველას. პრეტენზიები უნდა იყოს არა ჩემთან, არამედ კონკორდატთან“, - განაცხადა სესიაშვილმა. 

სესიაშვილი მღვდელმსახურებისთვის სავალდებულო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შემოღების წინადადებით გამოდის.

ალტერნატიული შრომითი სამსახური გულისხმობს წვევამდელების გაწვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ასევე არასამხედრო შრომით დანაყოფებში, სამოქალაქო ობიექტების მშენებლობებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამამზადებელ საწარმოებში, კომუნალური მომსახურებისა და ჯანდაცვის დაწესებულებებში.

კონკორდატს ანუ საკონსტიტუციო შეთანხმებას სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მოეწერა ხელი.

რელიგია როგორც ჯარიდან თავის არიდების ხერხი

ბოლო დროს ხელისუფლებაში წვევამდელების არასაკმარის რაოდენობაზე ალაპარაკდნენ.

საქმე ისაა, რომ პარტია „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა“, რომელმაც პოლიტიკური ბრძოლის არაორდინარული მეთოდებით გაითქვა სახელი, კანონში ხარვეზი აღმოაჩინა.

2017 წელს მისმა ლიდერებმა ოფიციალურად დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება - საქართველოს ქრისტიანული ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია“, რათა დახმარებოდნენ ახალგაზრდებს, კანონიერად ეთქვათ უარი ჯარში სამსახურისგან. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ამ ორგანიზაციაში დარეგისტრირება მღვდელმსახურის სტატუსით.

ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ასეთი „მღვდელმსახურების“ რიცხვმა საქართველოში უკვე 15 ათასს გადააჭარბა.

ახლა პარტიაში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ სესიაშვილის ინიციატივის დაკანონებას და გაასაჩივრებენ მას როგორც საკონსტიტუციო, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

საქართველოს ჯარში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წლევანდელი საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვალს დაიწყო და 29 ივნისამდე გასტანს. სულ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე 4,5 ათას ახალგაზრდას. მათგან მხოლოდ 1,7 ათასი ადამიანი იმსახურებს თავდაცვის ძალებში. სამსახურის ვადა 12 თვეა.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან  სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; პარლამენტის დეპუტატები; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები.