თინა კანდელაკი ნაჩალოვაზე: თბილისში იულია ყველას შეუყვარდა

თინამ იულიას თბილისში ძველი სტუმრობა გაიხსენა და ის, თუ როგორი სითბოთი ეპყრობოდნენ მას საქართველოში
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თინა კანდელაკი გამოეხმაურა მომღერლის, მსახიობისა და ტელეწამყვან იულია ნაჩალოვას გარდაცვალებას.

გარდაიცვალა რუსი მომღერალი იულია ნაჩალოვა

მომღერალი იულია ნაჩალოვა მოსკოვში 16 მარტს გარდაიცვალა. ის 38 წლის იყო. ნაჩალოვას რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა და იმ დროიდან ის რეანიმაციაში იმყოფებოდა. ექიმებმა ის ხელოვნური კომის მდგომარეობაში შეიყვანეს. როგორც მომღერლის მამამ უამბო ჟურნალისტებს, მისი ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი აბსცესის შედეგად გულის გაჩერება გახდა.

მომღერალ იულია ნაჩალოვას სამშაბათს მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კანდელაკი Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს იულიას სტუმრობას თბილისში. მაშინ თინა ქართულ ტელევიზიაში მუშაობდა.

„ძალიან კარგად მახსოვს, რომ მისმა ღიმილმა ჩვენი ბიჭების გულები გაალღო. ჩემს მეგობარს, თემოს ის მაშინვე შეუყვარდა. ერთი წამით არ ანებებდა, რომ სხვისთვის შეეხედა... ვარდები, ვარდები და ისევ ვარდები. ამ გოგონასთვის არაფერი დაგენანებოდა. მისი უზარმაზარი ცისფერი თვალები ზაფხულივით გწვავდა, ისე რომ ავტომატურად ოფლი გადგებოდა და თვალებს ვერ უსწორებდი. მტკივნეულია, რომ ეს ზაფხული ასე ნაადრევად დასრულდა. ნათელში იყოს შენი სული, მზიანო იულიავ“, - წერს კანდელაკი.

იულია ნაჩალოვა ვორონეჟში 1981 წლის 31 იანვარს დაიბადა. სიმღერა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. უკვე 5 წლის ასაკში პროფესიულ სცენაზე იდგა. ხოლო სატელევიზიო კონკურს „დილის ვარსკვლავში“ გამარჯვებამ გოგონას პოპულარობა მოუტანა.

 

ნაჩალოვა მონაწილეობდა რეალიტი-შოუში „უკანასკნელი გმირი“ (2003). გადაღებულია ფილმებში „მისი რომანის გმირი“ (2001), „ბომბი პატარძლისთვის“ (2004), მუსიკალურ კომედიაში „სამი მუშკეტერი“ (2005), ასევე სხვადასხვა ტელეარხებზე ტელეწამყვანი იყო.