თბილისში ყანჩელისა და შოსტაკოვიჩის მუსიკის უფასო კონცერტი გაიმართება

დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებს Kancheli String Quartet-ი და პიანისტი გიორგი გიგაშვილი შეასრულებენ
Sputnik

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. გამოჩენილი კომპოზიტორების - გია ყანჩელის და დმიტრი შოსტაკოვიჩის კამერული მუსიკის საღამო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2019 წლის 2 აპრილს გაიმართება - დასწრება თავისუფალია.

სცენაზე გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი String Quartet Kancheli და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა პიანისტი გიორგი გიგაშვილი წარდგებიან.

საღამოს პროგრამაშია შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კვინტეტი (G Moll op.57) და ყანჩელის „პატარა დანელიადა“. კონცერტის დასაწყისი 19:00 საათზე.

გია ყანჩელის სიმებიანი კვარტეტი თბილისში 2010 წელს სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრის, პროფესორ ნოდარ ჟვანიას ინიციატივით შეიქმნა. კვარტეტის წევრები არიან თეიმურაზ ჯაიანი (პირველი ვიოლინო), ნიკა ბარათელი (მეორე ვიოლინო), მამუკა ბაბუაძე (ალტი) და გიორგი იმანოვი (ჩელო).

მუსიკალური კოლექტივი აქტიურად გამოდის თბილისის სხვადასხვა სცენებზე და ასრულებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი კომპოზიტორების მუსიკას. კვარტეტი, რომელიც მრავალი ეროვნული კონკურსის ლაურეატი, პრიზიორი და გამარჯვებულია, ყანჩელის სახელს 2018 წლიდან ატარებს.

გიორგი გიგაშვილი - „ნიჭიერთა ათწლედის“ კურსდამთავრებულია და პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. გიგაშვილი ასევე გერშვინის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პრიზიორია (ნიუ-იორკი). მისი კონცერტები საქართველოში და ევროპაში იმართება.