ბათუმში გამოძალვის ბრალდებით კლუბსა და რესტორანში ექვსი პირი დააკავეს

ბრალდებულები უცხოელებს მუქარით, სისტემატურად სთხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს
Sputnik

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ექვსი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულები წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები არიან.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების ნაწილი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბოკვერსა“ და აეროპორტის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ფაშაში“ მუშაობდა. ისინი, თანამზრახველებთან ერთად, უცხოელებს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სისტემატურად სთხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს და რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.