საკულტო რეჟისორის საქართველოსთან კავშირზე გამოფენის გახსნის საღამოზე Sputnik–თან ფოტონამუშევრების ავტორმა, ლონდონელმა მწერალმა და კინომცოდნე ლეილა ალექსანდერ–გარეტმა ისაუბრა.
„ანდრეი ტარკოვსკის ძალიან უყვარდა საქართველო. ის თბილისში 1982 წლის იანვარში იყო. რა თქმა უნდა, სერგეი ფარაჯანოვთან ჩამოვიდა. მის დღიურებში წერია, რომ ფარაჯანოვი გენიოსია არა მხოლოდ თავის პროფესიაში, არამედ ყველაფერში; აბსოლუტურად უნიკალურია, პლანეტის მასშტაბების ადამიანი. ტარკოვსკისთვისაც ეს უნიკალურია – ასეთი რამ თქვას. მაინცდამაინც არ სწყალობდა თავის კოლეგებს. საქართველოსთან მას ბევრი რამ აკავშირებდა. ამბობდა, რომ აქ სულიერად ისვენებდა. ის ქართველებს ძალიან უყვარდათ და მასაც ძალიან უყვარდა ქართველები“, – აღნიშნა ლეილა ალექსანდერ–გარეტმა.
მისი თქმით, ტარკოვსკი ყველასთვის შთაგონების წყარო იყო. და იმ ადამიანებს, რომლებსაც რეჟისორი თავის წრეში იღებდა, ოსტატი გულწრფელად უყვარდათ და აღტაცებული იყვნენ მისით. მათ შორის იყო ლეილაც, რომელიც ბოლო შედევრის „მსხვერპლშეწირვის“ გადაღებებზე ტარკოვსკის თარჯიმანი გახლდათ. ამ დროს დაუდგინეს ექიმებმა რეჟისორს ფილტვის კიბო. ფილმს შვედეთში იღებდნენ და ის ფილმი–ანდერძი გახდა, რომელიც თითოეულ ადამიანს მოუწოდებს, რომ ჰქონდეს პირადი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მსოფლიოში ხდება. ლეილა აწარმოებდა დღიურს, რომელიც, საბოლოოდ, მის წიგნს „ანდრეი ტარკოვსკი: სიზმრების დამჭერი“ დაედო საფუძვლად.
„ჩვემი წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრი მეუბნება: „წარმოუდგენელია, რომ ტარკოვსკი ასეთი ადამიანი იყო! ასეთი მხიარული, ამბობდა ქათინაურებს, უყვარდა გადამღებ ჯგუფთან ურთიერთობა“. ყველა ამბობდა, რომ ის მიზანთროპი იყო, სულ იგინებოდა. მაგრამ შვედეთში ასე არ იყო. დიდხანს ვფიქრობდი, რატომ? იქნებ, ადამიანი სიკვდილის წინ რაღაცას გრძნობს... და შვედეთში ის ყველას უყვარდა. იყო თავისუფალი. მისგან არავინ არაფერს მოითხოვდა, არავინ ცდილობდა ზეწოლას. მისი ერთი გახდევაც საკმარისი იყო და უკვე ყველაფერი სრულდებოდა. მუშაობის შესანიშნავი სისტემა გვქონდა. ადამიანები მიმართავდნენ მის ასისტენტს, ასისტენტი მეუბნებოდა მე, მე კი – ტარკოვსკის. ამგვარად ვცდილობდით მის განტვირთვას. ჩვენს კინოჯგუფში კი, მგონი 77 ადამიანი იყო. ყველა ვუფრთხილდებოდით ტარკოვსკის. და ამ სიყვარულს ის, რა თქმა უნდა, გრძნობდა“, – აღნიშნა ლეილამ.
მაგრამ მისი მთავარი სიყვარული სამშობლო – რუსეთი იყო.
„ტარკოვსკის ძალიან ენატრებოდა რუსეთი. ამბობდა: „ყველა ჩემი ფილმი რუსეთის შესახებ და რუსებისთვისაა. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსები ამ ფილმს ვერასდროს ნახავენ. არ სჯეროდა. მაშინ „პერესტროიკა“ ახალი დაწყებული იყო. მაგრამ არ სჯეროდა, რომ რამე შეიცვლებოდა“, – აღნიშნა ალექსანდერ–გარეტმა.
გამოფენისთვის სიმბოლურად შეირჩა თბილისიც, ამბობს ლეილა.
„რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ტარკოვსკის გამოფენა თბილისში? რადგან მისი ყევლა ფილმი – ესაა რაღაც სულთან დაკავშირებული. ცხოვრებაში ის, შესაძლოა, გულდახურული იყო, მაგრამ ფილმებში იხსნებოდა და პირდაპირ ესაუბრებოდა ადამიანს, მაყურებელს. მიმრთავდა თითოეულს. ტარკოვსკი ამბობდა, რომ მისთვის ხელოვნება – ეს იდეალის წყურვილია. ასევე ამბობდა, რომ ხელოვნება – ეს ლოცვაა, ადამიანის იმედის გამოხატვა. ტარკოვსკი ხშირად იმეორებდა: როდესაც გაქრება უკანასკნელი პოეტი და უკანასკნელი მორწმუნე ადამიანი, მაშინ მოეღება ბოლო კაცობრიობას“, – აღნიშნა ლეილა ალექსანდერ–გარეტმა.
ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში (კარგარეთელის 6) 14 მარტს გაიხსნა და 20 მარტამდე გაგრძელდება.