პოლიციამ თბილისში ბინის და მანქანის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი

დაკავებულებმა გამოკითხვის დროს  თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ რამდენი ფაქტი აღიარეს, მათ შორის ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტები.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1992 წელს დაბადებული ი.ც. და 1987 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა მოიპარა ქურდმა დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინიდან

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა 15 მარტს თბილისში, სანერგეს 1-ლი ჩიხის ტერიტორიაზე, მოქალაქის ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ორივე მათგანი ადგილზე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა გამოკითხვის დროს თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ რამდენი ფაქტი აღიარეს, მათ შორის ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტები.

სამართალდამცველებმა  ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.