გუდაურში სრიალის მოყვარულებს აფრთხილებენ

ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გაზრდილია ზვავსაშიშროების საფრთხე
Sputnik

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. მთის კურორტების კომპანია გუდაურში გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის.

ტრანსპორტის მოძრაობა „სამხედრო გზაზე" აღდგა

„სწორედ ამიტომ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის გთხოვთ, მოქმედ სათხილამურო კურორტებზე დაემორჩილოთ ადმინისტრაციასა და სათხილამურო გზებზე მომზადებულ მარკირებულ ნიშნებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენას ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას მოუწოდებს.

ასევე, კომპანიის ცნობით, კობი-გუდაურის საბაგირო  შეზღუდვით იმუშავებს.

გუდაური - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურორტია, რომელიც დიდი პოპულარობით როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. კურორტი ზღვის დონიდან 2,2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, დიდი კავკასიური ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს.