ქართველი და ბულგარელი მხატვრების ავტოპორტრეტები თბილისში გამოიფინა

გამოფენაზე 55 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი
Sputnik

თბილისი,  15 მარტი — Sputnik.  საქართველოსა და ბულგარეთის ცნობილი მხატვრების ავტოპორტრეტების გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პარასკევს გაიხსნება.

ექსპოზიციაზე – „გამოსახულებით და მსგავსებით“ –  წარმოდგენილი იქნება 55 ნამუშევარი, რომლებშიც მხატვრებმა საკუთარი თავი გამოსახეს – ფერწერაში, სკულპტურასა და თანამედროვე ხელოვნების არტ–ობიექტებში. 

პირველად ერთად: საფრანგეთში ფიროსმანს და ვან გოგს ერთად გამოფენენ

საქართველოს ამ პროექტში წარმოადგენენ მხატვრები: ტატო ახალკაციშვილი, რუსუდან ხიზანიშვილი, ლევან მინდიაშვილი, უტა ბექაია, ნინა პერი, სანდრო დალაქიშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, ვახო ბუღაძე, მამუკა ცეცხლაძე, ლია შველიძე, გვანცა ჯიშკარიანი, მაკა  ბატიაშვილი და მაია ნავერიანი.

„სპეციალურად ამ გამოფენისთვის ჩემი თავი დავხატე, ანუ ეს აბსოლუტურად ახალი ნამუშევარია. ჩემს სახელოსნოში სარკე მივიტანე და ხატვა დავიწყე. ეს კი, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის იშვიათობაა. მე საერთოდ არ ვხატავ ავტოპორტრეტებს. ასე რომ ამ პროცესმა ძალიან გამართო“, – განაცხადა მამუკა ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან.

 „ჩემი ნამუშევარი „ქაღალდის მთვარე“ საკუთარ სახელოსნოში შევქმენი. ეს არის სარკეზე მიწებებული ქაღალდი. შუაში კი მიზანმიმართულად გავაკეთე ქაღალდის პატარა ნაგლეჯი და მასში ჩემი თავი დავინახე და ფოტოაპარატით  სპონტანური კადრი, ე.წ. სელფი გადავიღე“, – განაცხადა მხატვარმა თამო ახალკაციშვილმა.

გამოფენა ოფიციალურად დღეს გაიხსნა, გამოფენის კურატორი ბულგარეთის ცნობილი ხელოვნებათმცოდნე და გალერისტი  სტეფან სტოიანოვია. ექსპოზიცია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზირი, 27) 16 აპრილამდე გაგრძელდება.