თბილისი, 14 მარტი — Sputnik. აჭარული ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია. ტრადიციული ფორმით ბორანო – ესაა იაღში (ცხიმში) ჩალბობილი ყველი. ის მაღალი კალორიულობით ხასიათდება და ზუსტად შეესაბამება აჭარელი კაცის ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ბორანო სუფრასთან მჭადთან ერთად მიაქვთ.
„ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები. სურვილისა თუ საჭიროებისამებრ იგი ყოველთვის გამოიყენებოდა, მას სხვანაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც" ეძახიან, რადგანაც მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს და აჭარელ დიასახლისს საშუალებას აძლევს, სტუმარსა თუ ოჯახის წევრს დროის მცირე მონაკვეთში გაუმასპინძლდეს", – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დღემდე მინიჭებული აქვს 50-მდე ობიექტს, მათ შორის, „ლელობურთს", ქართულ პოლიფონიას, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს, კახურ მრავალჟამიერს, ბერიკაობას, კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგიას, მესხურ ყველს, ხაჭაპურს, აჯიკას, კუბდარის დამზადების ტრადიციულ მეთოდს და ა.შ.
ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა>>>
მათგან ექვსს ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული, ესენია: ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი; „დედაენა", „ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა", „ქართული ჭიდაობა" და „ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიცია".
UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში კი შეტანილია 3 ქართული ძეგლი: ქართული პოლიფონია, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა.