საქართველოში ფული კვლავ იაფდება – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილებას გეგმავს და რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას განაგრძობს.
Sputnik

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით – 6,5%-მდე შემცირების შესახებ, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

ბოლოს განაკვეთი შეიცვალა 2019 წლის იანვარში, როდესაც წლიური 7%-დან 6,75%-მდე შემცირდა.

საქართველოს ეკონომიკა პროგნოზამდე ვერ მივიდა >>

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად ბერკეტს წარმოადგენს და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად მიიჩნევა.

საქართველოში ფასები სტაბილურია

„წლის დასაწყისიდან, ისევე, როგორც გასული წლის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ფარგლებშია შენარჩუნებული. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ისტორიული მაქსიმუმი: საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდებს ხსნის

გასული წლის ივლისიდან ეროვნულმა ბანკმა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. საგარეო სექტორის მხრიდან მაკროეკონომიკური რისკების შემცირების პარალელურად შესუსტებულია სხვა ფაქტორები, რომლებიც ინფლაციის ზრდაზე მოქმედებს.

„ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორების თანახმად, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება და საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკებიც დაბალია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზები წლის განმავლობაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განაკვეთის შემდგომ შემცირებას მოიცავს. ხისტი ფულად-საკრედიტო პოლიტიკიდან თანდათანობითი გამოსვლის (ნორმალიზაციის) პროცესი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაიზრდება მოთხოვნა, ხოლო მეორე მხრივ – რამდენად ძლიერი იქნება საგარეო რისკები.

ეროვნული ბანკი რისკების აცილებას ცდილობს

საგარეო სექტორში პოზიტიური ტენდენციები 2019 წლის დასაწყისში შენარჩუნდა. საქონლის ექსპორტი სწრაფი ტემპებით ზრდას განაგრძობს, მაშინ, როდესაც იმპორტის ზრდა შედარებით მოკრძალებულია, რაც საგარეო ვაჭრობის მიმდინარე დეფიციტის მაჩვენებლის გაუმჯობესებას იწვევს.

საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარების შესყიდვას აგრძელებს

წლის პირველ თვეებში საცალო დაკრედიტების ზრდა გარკვეულწილად შენელდა, თუმცა ბიზნესის დაკრედიტება მზარდია.

ფინანსური სტაბილურობისთვის შესაძლო სამომავლო რისკების შემცირების მიზნით კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება – 5 საპროცენტო პუნქტით გაზარდოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები უცხოურ ვალუტაში მოზიდული საშუალებებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ თვალს მიადევნებს მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი საქართველოდან თითქმის მესამედით გაიზარდა >>

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2019 წლის 1 მაისს გაიმართება.