თბილისი ჯართისა და ძველი საბურავებისგან გაიწმინდება

თბილისის მერია დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კომპლექსურ საქმიანობას ეწევა
Sputnik

თბილისი, 13 მარტი - Sputnik. თბილისის მერია მკაცრად გააკონტროლებს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსებას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორისაა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღება, აღნიშნა მერმა.

„ერთ-ერთი ასეთი რეგულაციით, მკაცრად გაკონტროლდება დედაქალაქში მეორადი  საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთების და ნივთიერებების განთავსება. ასევე, მათი რეალიზება იმ ადგილებში, რომელიც საამისოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო დაშვებულ ზონაში განთავსება-რეალიზება დარეგულირდება გარკვეული წესებით“, - განაცხადა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე.

თბილისში ელიავას ბაზრობის ნაწილს რეკრეაციულ ზონად გადააქცევენ

მერის თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ ჩანაწერს შეიცავს. კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც ამ მხრივ სერიოზულ პრობლემას ქმნის, მაგალითად, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელი ზონაა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე პირდაპირ ხდება მსგავსი მასალების განთავსება, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად ქალაქისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებელ ზონებს შორის გარკვეული ბუფერული ზონები შეიქმნას. დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.

რაიონულმა ადმინისტრაციებმა უნდა აღწერონ ასეთი ადგილები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და აკრძალონ საქმიანობა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის.

ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება >>

ელიავას ბაზრობა, რომელიც 15,5 ჰექტარზეა გადაჭიმული, არაერთხელ გამხდარა მოსახლეობისა და თბილისის მთავრობის კრიტიკის საგანი. ნიადაგი დაბინძურებულია, იყიდება ბევრი შეუფუთავი სამშენებლო მასალა და გარემოს საფრთხეს უქმნის. ცალკე პრობლემაა მისი იერსახე. ბაზრობა ხომ ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს.

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის 7,5 ჰექტარის მფლობელმა კომპანიამ გამართა პროექტის პრეზენტაცია და წარმოაჩინა თავისი ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა გახდეს ეს ადგილი. კომპანია Sanapiro investment group გამოდის სამ- და ოთხსართულიანი შენობების  აშენების წინადადებით, სადაც სავაჭრო-გასართობი-საოფისე კომპლექსი განთავსდება. პროექტით გათვალისწინებულია ასევე საბავშვო მოედნების, გასართობი და საგამოფენო სივრცეების განთავსება. გარდა ამისა, აშენდება 2,5 ათას ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი.

დღეს ბაზრობაზე 15 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, სავაჭრო ობიექტების მესაკუთრე კი დაახლოებით 150 იურიდიული და ფიზიკური პირია.