დავითაშვილი: საქართველო 2-3 წელში აზიურ ფაროსანას დაამარცხებს

ხელისუფლება მზადაა აზიური ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს გაუზიაროს
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, საქართველო დაახლოებით 2-3 წელში აზიურ ფაროსანას დაამარცხებს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მავნებელთან ბრძოლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ჩინეთი საქართველოს ფაროსანას შესაწამლი ტექნიკით უსასყიდლოდ დაეხმარება>>>

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და ის, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა: საქართველოში შედეგები შეაჯამეს

დავითაშვილი სიტყვებით, 2019 წელს დაგეგმილია მავნებელთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა შედეგიც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

„2018 წელს 2017 წელთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ღონისძიებები სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენის შანსს იძლევა, მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღებად, გლეხებმა თავად უნდა მიხედონ საკუთარ ნაკვეთებს", - განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება შეიძინა, დასძინა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება.

დავითაშვილი: საქართველო 2-3 წელში აზიურ ფაროსანას დაამარცხებს

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამაზე წლებია ვმუშაობთ. ქვეყანაში დაგროვდა ფაქტობრივად, უნიკალური გამოცდილება, რომელიც აინტერესებს მთელ მსოფლიოს. ამასთან, ჩვენთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოცდილება მივიღოთ წამყვანი მეცნიერებისგან. ამისთვის საჭიროა მეცნიერთა ურთიერთკავშირი და შეხვედრები. საბოლოოდ იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი იქნება, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად აზიური ფაროსანას პრობლემის დაძლევა", - აღნიშნა დავითაშვილმა.

კონფერენციის ორგანიზატორი სურსათის ეროვნული სააგენტოა. კონფერენციაზე მსოფლიოს 26 ქვეყნიდან მეცნიერები განიხილავენ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებას.

2018 წელს მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 49 მლნ ლარი გამოყო. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარი გამოუყო.