ქობულეთში მოკლული პოლიციელის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

დანაშაული 2018 წლის 15 ივნისს მოხდა. ბრალდებულმა პოლიციის უფროსს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა>>>

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსი 27 წლის ტაკიძემ ცივი იარაღით სასიკვდილოდ მაშინ დაჭრა, როდესაც სოფელ ცეცხლაურის გავლით საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობდა. ადგილობრივების თქმით, პოლიცია ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც მკვლელი პოლიციის თანამშრომელს ზურგიდან მიეპარა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

ქობულეთში პოლიციის უფროსი მოკლეს
დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მოკლული პოლიციის უფროსის ბუტა ანთაძის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ბათუმში შესასვლელი გზა გადაკეტეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

დანაშაული 2018 წლის 15 ივნისს მოხდა. ბესიკ ტაკიძე შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის" მუხლით აღიძრა.