საქართველო მარტის ბოლოს ევროიუსტთან ხელშეკრულებას გააფორმებს

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეთანხმების გაფორმება საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველო მარტის ბოლოს გააფორმებს ხელშეკრულებას ევროიუსტთან (Eurojust) - ევროკავშირის სააგენტოსთან, რომელიც სასამართლო ორგანოების თანამშრომლობას უზრუნველყოფს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

ევროიუსტთან შეთანხმების ხელმოწერა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს.

„მინდა განვაცხადო, რომ ევროიუსტთან ხელშეკრულების ხელმოწერა მარტის ბოლოს მოხდება, რაც მართლმსაჯულების ჩვენსა და ევროპულ სისტემებს შორის თანამშრომლობის ახალი ფაზა იქნება. ეს შექმნის დამატებით ინსტრუმენტებს დანაშაულთან ბრძოლისათვის, მათ შორის ორგანიზებულ და საერთაშორისო დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

სკანდალი მოსამართლეების გამო და ცვლილებები პარლამენტში

მისი თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას და მის დაახლოებას ევროპულ მართლმსაჯულებასთან, ასევე იმ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ - მოსამართლეების, პროკურორებისა და გამომძიებლების.

საქართველო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე ევროიუსტთან მოლაპარაკებებს 2018 წლის იანვრიდან ახორციელებდა. ევროპარლამენტმა 5 მარტს საქართველოს და ევროიუსტის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას მხარი დაუჭირა.

ევროიუსტი ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით 2002 წელს შეიქმნა. მის ამოცანას წარმოადგენს ეფექტური ბრძოლა მძიმე დანაშაულთან ევროკავშირის ფარგლებში უფრო მჭიდრო სამართლებრივი თანამშრომლობის გზით.

ევროიუსტში, რომელიც ეროვნული პროკურატურების მუშაობის კოორდინაციას ემსახურება, 27 ეროვნული წარმომადგენელი შედის: თითოეული მონაწილე სახელმწიფო ნიშნავს თავის მოსამართლეს, პროკურორს ან პოლიციურ ჩინოვნიკს. ევროიუსტის ამოცანები შესრულდება ერთი ან რამდენიმე ეროვნული წარმომადგენლის მუშაობის გზით ან კოლეგიის ფარგლებში. გარდა ამისა, თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ეროვნული კორესპონდენტი, რომელიც ევროპის სასამართლო ქსელში შუამავლის როლს ასრულებს.