საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეთიოპიას სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო უწყება ავიაკატასტროფაში დაღუპული სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი Boeing 737-ის ავიაკატასტროფის გამო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეთიოპიაში მომხდარ ავიაკატასტროფაში 157 ადამიანი დაიღუპა

კვირას, დილით ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა Boeing 737, რომლის ბორტზეც 157 ადამიანი იმყოფებოდა, ეკიპაჟის 8 წევრის ჩათვლით, ეთიოპიის ქალაქ დებრე-ზეიტის მახლობლად ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 18 სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და ეთიოპიელ ხალხს, აგრეთვე ტრაგედიის შედეგად დაღუპული სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა ოჯახებს და ახლობლებს", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.