თბილისი, 11 მარტი - Sputnik. საქართველოს პეიზაჟებისა და ღირსშესანიშნაობების უნიკალური ნაზავი მსოფლიო ფერწერის შედევრებთან, კინოსა და ანიმაციასთან - ასეთი არაორდინარული მეთოდი შეარჩია საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის პროექტ GeoArtMood-ის ავტორმა.
GeoArtMood - ეს არის გვერდი ინსტაგრამზე (Instagram), რომელზეც თავშესაქცევი კოლაჟები ქვეყნდება. მაგალითად, სალვადორ დალის ცნობილი ტილო „მეხსიერების იგივეობა“ თუშეთის ულამაზესი ბუნების ფონზე, ედუარდ მუნკის „კივილი“ თბილისის მშვიდობის ხიდზე, ლეონარდოს „მონა ლიზა“ და ღამის ბათუმის პანორამა, ვინსენტ ვან გოგი, რომელიც იღებს ე.წ. სელფის გერტეტის სამების ტაძრის ან ალაზნის ველის ფონზე, მაკოლეი კალკინის გმირი ფილმიდან „მარტო სახლში“ ღამის თბილისის ფონზე, ანიმაციური ფილმ „ლამაზმანი და ურჩხულის“ პერსონაჟი ზუგდიდის დადიანების სასახლის ფონზე და სხვ.
GeoArtMood-ის მულტიმედიური კოლაჟების გმირები ხშირად არიან ასევე ვერმეერის „გოგონა მარგალიტის საყურით“, კლიმტის „კოცნა“, ფრიდა კალო, კვენტინ ტარანტინოს ფილმების გმირები, მარველის სუპერგმირები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ GeoArtMood-ის ავტორია 21 წლის თელაველი ციკო შამრელაშვილი. ციკო - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო მმართველობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ბავშვობიდან იყო გატაცებული ფოტოხელოვნებით. ცოტა ხნის წინ Youtube ინტერნეტგვერდის მეშვეობით შეისწავლა პროგრამები ფოტოშოპი (Photoshop) და „ედოუბ ილუსტრატორი“ (Adobe Illustrator). ორი თვის წინ კი გახსნა ინსტაგრამგვერდი GeoArtMood, რომელზეც ცნობილი ტილოების, მხატვრებისა და კინოგმირების გამოყენებით საქართველოს ღირსშესანიშნაობებს დანარჩენ მსოფლიოს აცნობს.
ამჟამად პროფილს შვიდი ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
„ნამუშევრების სტრუქტურა მარტივია, მაგრამ ის მომხმარებლების აღფრთოვანებას მაინც ახერხებს. ალბათ იმიტომ, რომ გვერდს ანალოგი არ ჰყავს, რომელიც მხოლოდ ერთ ქვეყანაზეა ორიენტირებული. მიხარია რომ ის პირველია და თანაც საქართველოს შესახებ. ჩემი მიზანია, განსხვავებული ხერხით გავაცნო ჩვენი ქვეყანა უცხოელებს. სწორედ ამიტომ ვიყენებ სლოგანს „ Art is my way to tell you about Georgia”. („ხელოვნება არის ჩემი მეთოდი, მოგითხროთ საქართველოს შესახებ“)“, - ამბობს ციკო ქართულ მასმედიასთან საუბრისას.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ კოლაჟს ახლავს ინფორმაცია ღირსშესანიშნაობის, კულტურული ძეგლისა თუ ტურისტული ადგილის შესახებ. მითითებულია ასევე მსოფლიო ხელოვნების ისტორიიდან გამოყენებული ავტორების ვინაობა.
პროექტის ავტორი ფიქრობს, რომ მისი ნამუშევრები ტურისტებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს: უცხოელები ხშირად იწონებენ ნამუშევრებს, აზიარებენ მათ, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და მსოფლიოში საქართველოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას უწყობს ხელს.