თბილისი, 10 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობის და ძარცვის მცდელობის ფაქტებზე 39 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული მარნეული-კაზრეთის რკინიგზის სოფელ ჭაპალის მონაკვეთზე ლიანდაგიდან დეტალების მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც ის ამავე ტერიტორიაზე მომუშავე რკინიგზის თანამშრომელმა შენიშნა. ბრალდებულმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ნაძარცვი დეტალებით მიმალვას აპირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.
ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს მარნეული-კაზრეთის რკინიგზის 27-ე კილომეტრიდან ლიანდაგის დეტალები მოიპარა.
გამოძიება ძალადობით ჩადენილ ძარცვის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.