სასკოლო ექსკურსიებზე, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს

ბავშვთა უფლებების კოდექსის ამოქმედების ვადად 2020 წლის ივნისია განსაზღვრული
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. ბავშვთა უფლებათა კოდექსში სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების მიღება იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბავშვთა უფლებების კოდექსის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. კოდექსი პრინციპების დონეზე უკვე გაწერილია და პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიის მუშაობის პერიოდში შევა. ბავშვთა უფლებების შესახებ სპეციალური კანონის შემუშავება გაეროს ერთ-ერთი რეკომენდაციაც იყო.

რა ცვლილებები იგეგმება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით - გამკაცრებული რეგულაციები

მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უფლებების დაცვას დაარეგულირებს, რვა პუნქტისგან შედგება. ამ პუნქტებშია გაწერილი მაგალითად, ექსკურსიის დროს შსს-ს  ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით გადატანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ვალდებულებები. ამასთან, ეს პუნქტები არეგულირებს იმასაც, რომ სკოლას არ აქვს უფლება, საექსკურსიო ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირავოს.

ასევე, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოითხოვოს მძღოლის პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რეკომენდაციებისა და მართვის მოწმობის სახით და ასევე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში, სკოლა, როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი, ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიების დეტალები მიაწოდოს. შესაძლებელი გახდება კოლონა საპატრულო პოლიციამაც გააცილოს.

კანონპროექტის მიხედვით, ბავშვთა ექსკურსიას თან უნდა ახლდეს სკოლის ექიმი ან პირი, რომელიც გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური ან მშობელი. თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც არც ექიმი ჰყავთ და არც მანდატური, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართონ.

ტრაგიკული ექსკურსია: ავარიაში ბრალდებულს რვა წლით პატიმრობა შეეფარდა

ბავშვთა უფლებების კოდექსის ამოქმედების ვადად 2020 წლის ივნისია განსაზღვრული. კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა კი  კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის სანქციებს გამოიწვევს.

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში  განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიწყო. კერძოდ, 2018 წლის 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მეორე დღეს კი ბოლნისში ექსკურსიაზე წასული მოსწავლე მდინარეში გადახტა და მრავლობითი  სახის დაზიანებები მიიღო.