„შემინდეთ და მომიტევეთ“ - სალომე ზურაბიშვილი წირვას დაესწრო

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. შენდობის კვირას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წმინდა სამების მთავარ საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო, იუწყება პირველი არხი.

შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს. 2019 წელს ის 10 მარტს დგება.

დღეს შენდობის კვირაა: თბილისში სტუდენტები მსვლელობას გამართავენ

შენდობის კვირა წელიწადში მხოლოდ ერთხელ დგება. საეკლესიო სწავლებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ერთმანეთს შენდობასა და მიტევებას სთხოვენ. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.

სამების ტაძარში ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილი მეორემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ზურაბიშვილმა შენდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს არის შენდობის დღე. შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა წირვის დასრულების შემდეგ.