თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა გელა ჯიქია და ომარ ხუხუას, რომლებსაც 2 მარტს Liberty Bank-ის ინკასაციის მანქანაზე ყაჩაღური თავდასხმა ედებათ ბრალად, იუწყება პირველი არხი.
ზუგდიდში ბანკის ინკასატორებზე თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს >>
ხუხუა ომის ვეტერანია. 2004 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგითი იყო.
დანაშაული 2 მარტს მოხდა. თავდასხმისას დაიჭრა ერთ-ერთი ინკასატორი. მედიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს 100 ათასი ლარი, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ინკასატორების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე ნიღბიანმა ბრალდებულებმა ზუგდიდში, სოფელ ონარიაში ელექტროსადგურის დარაჯებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით კუთვნილი ავტომობილი და ნივთები გასტაცეს.
გატაცებული ავტომობილი პოლიციამ ერთ-ერთ სოფელში იპოვა.
სახლის ჩხრეკისას, რომელსაც ბრალდებულები თავს აფარებდნენ, ამოღებულია გატაცებული ფული, კალაშნიკოვის ავტომატის ორი ერთეული, Girsan-ის ტიპის ორი პისტოლეტი და ნიღბები.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით: „ყაჩაღობა", „თავისუფლების უკანონო აღკვეთა", „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების ან გამოძალვის მიზნით", „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება", „ჯანმთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება", რაც ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.