თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ავსტრიაში საქართველოს საკონსულოში არ შესულა განცხადება საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენის აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებისთვის საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში ხანმოკლე უვიზო ვიზიტების უფლება 2017 წლის მარტიდან მიიღეს. 2018 წლის დასაწყისში ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ისლანდიამ, შვედეთმა ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მატებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. შემდგომში საქართველოს ხელისუფლებამ კანონმდებლობის ზოგიერთი ნორმა გაამკაცრა. მათ შორის შეზღუდვები გვარის შეცვლის პროცედურასაც შეეხო, რაც ხშირად ამ პრობლემასთან იყო დაკავშირებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სულ 2018 წელს ევროპაში მძიმე დანაშაულების ბრალდებით საქართველოს 137 მოქალაქე დააკავეს.