კვიპროსზე კიდევ ერთი საკვირაო სკოლა გაიხსნა

კვიპროსზე მცხოვრები ქართველები მშობლიური ენისა და საქართველოს ისტორიის შესწავლას შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში კიდევ ერთი საკვირაო სკოლა გაიხსნა, რომელშიც დაახლოებით 30 ბავშვი ირიცხება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალი საკვირაო სკოლა ლიმასოლის ცენტრში ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ მოსწავლეებსა და მშობლებს სიტყვით მიმართა და წარმატებული ახალი სასწავლო წელი უსურვა.

კვიპროსმა საქართველოს მილიონი ევროს ღირებულების მიწის ნაკვეთი აჩუქა

ელჩის სიტყვებით, უახლოეს პერიოდში ბავშვებს საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროების ინიციატივით გადაეცემათ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები.

უფრო ადრე ქართული საკვირაო სკოლა კვიპროსზე ქალაქ ნიქოზიაში გაიხსნა. საკვირაო სკოლაში ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენას და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, ჩაუტარდებათ ხატვის, მუსიკისა და სპორტის გაკვეთილები.

კვიპროსზე საკვირაო სკოლის გახსნა საქართველოს საელჩოსა და კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოლაპარაკების შედეგად გახდა შესაძლებელი.