თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში ჭურის ყველის ფესტივალი „აღმოაჩინე ხანი“ გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ფესტივალის მიზანი ჭურის ყველისა და ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზაცია იყო.
ორგანიზატორების განცხადებით, ყველს აგვისტოდან ინახავენ ჭურში, რომელიც ყველიერის დროს იხსნება. რაც შეეხება სულგუნს, ის შებოლილი ინახება.
„სულგუნი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ მისი შენახვის გზა შებოლვა ან ქვევრში ჩაწყობაა. ეს ტრადიცია არსებობდა საუკუნეების განმავლობაში, თუმცა მხოლოდ ხანმა შემოინახა ეს უნიკალური ტრადიცია“, – განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ხორავამ.
ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა ყველიერის კვირაში გახსნილი ჭურის ყველი, სულგუნი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მთაგორიან სოფლებში მოყვანილი ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტები.
ფესტივალი წელს პირველად მოეწყო.