ამ საეკლესიო დღესასწაულს გაზაფხულზე აღნიშნავენ, თუმცა მისი ზუსტი თარიღი დაწესებული არ არის და მისი გამოთვლა ყოველწლიურად სპეციალური საეკლესიო კალენდრის მიხედვით ხდება.
მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომას, როგორც წესი, სხვადასხვა დროს ზეიმობენ, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, 2017 წელს მართლმადიდებლებმა და კათოლიკეებმა ეს ბრწყინვალე დღესასწაული ერთ დღეს იზეიმეს.
2019 წელს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 28 აპრილს აღნიშნავს კათოლიკური – 21 აპრილს.
„Sputnik–საქართველო“ გიამბობთ, რატომ ზეიმობენ მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომას სხვადასხვა დროს.
როდის ზეიმობენ აღდგომას
აღდგომა სიძველის და მნიშვნელობის მიხედვით პირველი ქრისტიანული დღესასწაულია. მაცხოვრის მოწაფეები მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის მომენტიდან მოყოლებული ყოველ კვირას ზეიმობდნენ ამ დღეს.
აღდგომა განსაკუთრებულ საზეიმო ელფერს იუდეველების პასექის პერიოდში იძენდა, რადგან სწორედ იუდეველების ამ დღესასწაულის პერიოდში მოხდა ქრისტეს ჯვარზე გაკვრა და მისი აღდგომა.
თავიდან ყველა ქრისტიანი ზეიმობდა აღდგომას იუდეური კალენდრის მიხედვით, რომელიც იწყებოდა ნისანის თვის 14 რიცხვში. ებრაულ კალენდარში ეს წლის პირველი თვეა, რომელიც მარტს შეესაბამება, გრიგორიანულ კალენდარში კი აპრილს.
ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნიდან ეპისკოპოს სიქსტუსის ინიციატივით, რომელიც რომაულ ეკლესიას სათავეში 116–126 წლებში ედგა, ქრისტიანული აღდგომის თარიღი იუდეველების პასექის მეორე დღეს გადაწიეს.
ეკლესიის შიგნით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ახალი თარიღით გამოწვეული უთანხმოება ნიკეის საეკლესიო კრებამდე გაგრძელდა.
ნიკეაში მსოფლიო საეკლესიო კრება 325 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინემ მოიწვია.
ნიკეის საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, რომ აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის შემდეგ, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას მოსდევს (ბუნიობა – დღისა და ღამის თანასწორობა, ახალი სტილით 21 მარტს).
მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს აღდგომის დღესასწაულის თარიღის გამოთვლისას სხვაობა 1582 წელს გაუჩნდათ, როდესაც კალენდრის რეფორმა მოხდა. რომის პაპმა გრიგოლ II-მ ახალი სტილი, ე.წ. „გრიგორიანული“ კალენდარი შემოიღო, ხოლო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის არ ცნო და ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნა იულიუსის კალენდრით, ანუ ძველი სტილით განაგრძო.
კალენდრებს შორის არსებული განსხვავებიდან გამომდინარე მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების მიერ გამოთვლილი აღდგომის თარიღები სხვადასხვა წელს ერთმანეთისგან ხან ერთი კვირით არის დაშორებული, ხან რამდენიმეთი, თუმცა ზოგჯერ ერთმანეთსაც ემთხვევა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით