ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში" მაღალ თანამდებობაზე ბრუნდება?

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდება.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" ბრუნდება, სადაც პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური მდივნის რანგში პარტიის შემდგომ გაძლიერებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს", – განაცხადა კალაძემ.

ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა, რომელსაც ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

მანამდე, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ იყო, ღარიბაშვილის პარტიაში შესაძლო დაბრუნება პოზიტიურად შეაფასა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება" დატოვა: ვინ იქნება შემდეგი

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-2012 წლებში. ვფიქრობ, ირაკლის დაბრუნება, თუ ეს მოხდა, იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. ღარიბაშვილის დამსახურებებიდან გამომდინარე, ეს პარტიის სერიოზული შევსება იქნება. ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას. მაქვს დადებითი მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას", – განაცხადა ხუნდაძემ.

„ქართულ ოცნებაში" ღარიბაშვილის დაბრუნება მას შემდეგ მოხდა, რაც პარტიაში კრიზისი დაიწყო.

ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება" შვიდმა დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა ცალკე პოლიტიკური თამაშის დაწყება გადაწყვიტეს.

ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი წლის განმავლობაში ყოფნის პერიოდში სისტემატურად ხდებოდა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. ღარიბაშვილი მთავრობას მას შემდეგ ჩაუდგა სათავეში, რაც ივანიშვილმა 2013 წლის ნოემბერში საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერის პოსტი.