შინაგან საქმეთა მინისტრი TBC Bank-ს ემუქრებოდა? – ხაზარაძის სკანდალური განცხადება

მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით განცხადება TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გააკეთა.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მე, როგორც TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს დამფუძნებელსა და ყოფილ თავმჯდომარეს, მუქარის შემცველი წერილი გამომიგზავნა, განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ.

TBC Bank-ის სკანდალური საქმე: საქართველოს პროკურატურამ საქმის დეტალები გაასაჯაროვა>>>

TBC Bank საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისში მოექცა, ანუ იმ დროიდან, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ბანკის 2008 წლის ერთ-ერთ ოპერაციას სწავლობს „ფულის გათეთრების“ შესაძლო ნიშნების გამო. თებერვლის შუა რიცხვებში ეროვნულმა ბანკმა TBC-ს დამფუძნებელსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა, რაც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს დაუკავშირა.

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა

წერილში, რომლის შინაარსის გასაჯაროებაზე ხაზარაძემ უარი განაცხადა, გახარია ბანკის ხელმძღვანელობას ბანკის იმიჯის შელახვით ემუქრებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

„წერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოწერილი, ბატონი გახარიასგან. მინდა არ აღმოვჩნდე სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიისა და ჟურნალისტების წინაშე. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ", – ციტირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მამუკა ხაზარაძის სიტყვებს.

ხაზარაძის განცხადებით, მან წერილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო.

TBC Bank-ის საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლასა და ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", თავის მხრივ, აცხადებს, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

TBC Bank – საქართველოს უმსხვილესი ბანკია, რომლის წმინდა მოგებამ 2018 წელს ქვეყნის 15 კომერციული ბანკების საერთო მოგების 39% შეადგინა.